Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
წმინდა აბო თბილელის სახელობის ტაძარი
მისამართი: მეტეხის აღმართი. მეტეხის ეკლესიის ქვემოთ კლდეზე.
ისტორია: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით რამოდენიმე წლის წინ გადაწყდა მეტეხის კლდის ძირში, ახალი ხიდის მიმდებარედ, წმიდა აბო თბილელის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. 1994 წლიდან არქიტექტორ რევაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში დაიწყო ეკლესიის პროექტზე მუშაობა. პროექტზე მუშაობისას და წმინდა ნიშის მხატვრული იერსახისა და მისი მდებარეობის დადგენის შესახებ ძველი მასალების მოძიებისას (საარქივო მასალები მოიძია საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თანამშრომელმა ია გორგიშელმა), კლდის კიდეზე, მტკვრის პირას კლდეს „შეჭიდებულმა“ მცირე ზომის აგურის წყობამ მიიპყრო ყურადღება. ძველი თბილისის თანამედროვე მკვლევარების აზრით, წმიდა აბო თბილელის ნიში მთლიანად განადგურდა ახალი ხიდის მშენებლობისას. 1951 წელს სამლოცველო მიმდებარე კლდის დიდ ნაწილთან ერთად ააფეთქეს. აქედან გამომდინარე არქეოლოგიური გათხრების ჩატარება აზრს მოკლებული იყო. ამიტომ ადგილი მომავალი ტაძრისათვის მიახლოებით განისაზღვრებოდა. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიკვლეულ იქნა მეტეხის პლატოზე მეფის რუსეთის მიერ აშენებული ციხის ადრეული მაკეტი, რომელზეც საგანგებოდ არის აღნიშნული აბო თბილელის ნიში (პორტიკი). ამას თან დაერთო ერმაკოვის ფოტოზე - „მეტეხის ხიდი“, აბო თბილელის ნიშის მიკვლევა. მაკეტზე და თვით ადგილზეც გადაზომვების შედეგად, ასევე მოძიებული ფოტო-საარქივო ტოპოგრაფიული მასალების შეჯერებით დადგინდა, რომ ის აგურის წყობა, რომელიც მეტეხის კლდის ძირზე იყო შეზრდილი, ძველი, XIX ს-ში აგებული სამლოცველოს ნაწილი შეიძლება ყოფილიყო. მოგვიანებით საისტორიო არქივში მიკვლეულ იქნა წმიდა აბო თბილელის ნიშის გეგმა, რომლის აგებაც სურდათ ამ წმინდა ადგილზე.
1994 წელს, 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს დაიწყო მომავალი ტაძრის მშენებლობისათვის ადგილისი გაწმენდის სამუშაოები. ტერიტორია გასუფთავდა 3-4 მეტრის სიმაღლის ნაყარი მიწისაგან. შემდგომმა სამუშაოებმა მთლიანად წარმოაჩინა ნიში-პორტიკი, რომელსაც ზედა ნაწილი მონგრეული ჰქონდა. კერძოდ, ორი სვეტის ნანგრევი ბაზისებითურთ და სვეტებს შორის ჩადგმული წითელი მართკუთხა ზომის ტუფის ქვა. მოგვიანებით, სისხლისფერი ქვის ქვედა დონეზე აღმოჩნდა იმავე ზომის სწორკუთხა ქვა და მის გვერდით მცირე ზომის ქვები. იქვე ახლოს წარმოჩნდა მოწამეთა ხიდის ბურჯი. აქვე მოხდა ერთი მეტად ღირსშესანიშნავი მოვლენა. წმიდა აბოს ნიშის მიწაყრილით დაფარულ ტერიტორიაზე მოჭრეს მომცრო ნაძვის ხე. თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში ნაძვის მორი გადახერხეს და გადანაჭერზე ჯვრის გამოსახულება აღმოჩნდა. ქართულმა ეკლესიამ იგი ჭეშმარიტ ხელთქუმნელ ჯვრად, ღვთის ნებით მოხდენილ სასწაულად აღიარა. ამჟამად ჯვარი კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაშია დაცული.
1995 წლის 21 იანვარს, წმიდა აბო თბილელის ხსენების დღეს, სამარტვილესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II პარაკლისი გადაიხადა. 1996 წლის 21 იანვარს, წირვის შემდეგ, სიონის ტაძრიდან კათოლიკოს-პატრიარქი თბილისის სამღვდელოებასთან ერთად წმიდა აბოს ნიშისაკენ გაემართა. ამავე დროს კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სამღვდელოებამ და მრევლმა გაიარა 1900 წელს კირიონის მიერ განვლილი გზა აბოს ნიშამდე. მსვლელობას წინ უძღოდა ლაშა კინწურაშვილის მიერ შექმნილი წმიდა აბო თბილელის ხატი. ნიშთან კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
1996 წელს, 17 მარტს, ჯვრის თაყვანისცემის დიდი დღესასწაულის დღეს იკურთხა წმიდა აბო თბილელის ტაძრის საძირკველი. კურთხევა აღასრულა კრწანისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ.
არქიტექტურა: წმიდა აბო თბილელის მომავალი ტაძარი წარმოადგენს მცირე ზომის ორნავიანი ტიპის ბაზილიკას (დაახლ. 5x7). ორივე ნავის გადახურვა ცალფერდაა. ტაძარი კლდეს უერთდება და ბუნებრივად გადაიზრდება მასში.
წმიდა აბო თბილელის მშენებლობა მიმდინარეობს. ტაძარი შენდება დიდი კვადრებით, კირის დუღაბით. აშენებენ სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული მოქანდაკეები - ვახტანგ ბოჭორიშვილი, ზაზა ფანცულაია, დავით გომართელი და გიორგი ხელაძე. მშენებლობას აფინანსებს დვალიშვილების ოჯახი და მათთან ერთად მორწმუნე მრევლის წარმომადგენლები.
წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია
მისამართი: ჯავახიშვილის ქ. № 69
ისტორია: ტაძარი აშენდა 1864 წელს, მშენებლობა მორწმუნეთა პირადი შენაწირებით, აგრეთვე - რუსეთის წმიდა სინოდის მიერ გამოყოფილი 5000 მანეთის მეშვეობით მიმდინარეობდა. ტაძარი აგურით აშენდა. ეზო რკინის ცხაურით შემოირაგა. 1886 წელს ჩრდილოეთის, დასავლეთის და აღმოსავლეთის მხრით მინაშენებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაიზარდა; აღიმართა ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭით და ქვის კიბით; ეკლესიის გაფართოება ეგზარქოს პავლეს ინიციატივით შესრულდა - საეპარქიო არქიტექტორის ზედამხდველობით.
ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობისა და წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. ეს მეორე ტრაპეზი 1900 წელს დაარსდა საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში - რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II მირონცხების პატივსაცემად. ამ ეკვდერის მშენებლობა მთლიანად მრევლის შემოწირულობებით განხორციელდა. ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს სამლოცველო, რომელიც 1869 წელს აშენდა გლამაზდინების ოჯახის მიერ.
მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო, რომელიც 1913 წელს აშენდა და მიეძღვნა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს.
1988 წელს ტაძარი ხელახლა შემოიღობა, დაიდგა ახალი კარიბჭე, სანთლების გასაყიდი ჯიხური, გარემონტდა კანცელარია, ტაძრისკენ მიმავალ ბილიკზე დაეგო ქვის ფილები.
მსახურები: ეკლესიის მსახურთა შტატი თავიდანვე ოთხი წევრით განისაზღვრებოდა: წინამძღვარი, მეორე მღვდელი, მესამე მღვდელი და დაიკონი; აგრეთვე - მეფსალმუნე.
ტაძრის წინამძღვრები იყვნენ მღვდლები: ევგენი იპოლიტეს ძე ზვერევი, ალექსანდრე პეტრეს ძე რაზუმოვსკი, იოანე სალუნინი, იოანე იოანეს ძე ჩეპელევი, იოანე ემელიანეს ძე ლოზოვოი, იოანე სმირნოვი, მეთოდი გირეკნო, კვლავ იოანე ლოზოვოი, არქმინადრიტი, შემდგომში მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა. 1985 წლიდან ეკლესიას წინამძღვრობს დეკანოზი მიხეილ გრიგორის ძე დიდენკო.
ეკლესიას აგრეთვე ემსახურებიან: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), არქამანდრიტი ანტონი (გულიაშვილი), დეკონოზი იგორ ხირიანოვი, დეკანოზი გიორგი საბიაშვილი და დიაკონი დიმიტრი როდიონოვი.
ტაძარში დღესასწაულებზე გალობს შერეული გუნდი (რეგენტი: სერაფიმა ველიჩკო), ხოლო სადაგ დღეებში - ქალთა მცირე გუნდი. ღვთისმსახურებაში მონაწილეობს ორი მეფსალმუნე ქალი და რამდენიმე სტიქაროსანი.
ხატები: ტაძარში დაბრძანებულ ხატთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სმოლენსკის ღვთისმშობლის, წმ.ალექსანდრე ნეველის, თეოდორესეული ღვთისმშობლის, წმ.დიდმოწამე პანტელეიმონის, ღვთისმშობლის საფარველის, წმ.სერაფიმე საროველის, ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა ნუგეში“, წმ.ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის და სხვათა ხატები.
ტაძარში წმიდა ნაწილთა ორი ლუსკუმაა, რომელშიც ინახება წმ. მარიამ მაგდალინელის, წმ. ნინოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. შიო მღვიმელის და სხვა დიდ წმიდანთა ნაწილები.
ტიპიკონი: ტაძარში წირვა-ლოცვა ყოველდღიურად აღესრულება. ზაფხულობით მწუხრი იწყება 15:50, ხოლო წირვა 9 საათზე. წირვას ხშირად მოსდევს პარაკლისი.
ტაძარი ღიაა დილის 8 სთ-დან საღამოს 7 სთ-მდე.
ანჩისხატის ტაძარი
მისამართი: მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ი. შავთელის ქ. № 19.
ისტორია: XX საუკუნის 60-იან წლებში, რესტავრაციის დროს, ანჩისხატის ტაძარში აღმოაჩინეს ქვის ორი ფილა (ამჟამად ისინი ტაძრის დასავლეთ ფასადშია ჩასმული), რომლებზეც „ჯვრის ამაღლების“ რელიეფთან ერთად V-VI საუკუნეების ასომთავრული წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მეცნიერებმა აღდგენილი წარწერა ასე წაიკითხეს: „უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“. ეს წარწერა ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ისტორიული თბილისის ზემო უბანში, მდებარე ანჩისხატის ტაძარი სწორედ ის ყოვლადწმიდა მარიამის შობის სახელობის ეკლესიაა, რომლის შესახებაც XI საუკუნის ძეგლში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში ნათქვამია: „თბილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ აღაშენეს“. ეს ტაძარი VI საუკუნის დასაწყისში, ქვეყნის დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანისთანავეა აგებული, როცა ქართლში ვახტანგ გორგასლის შვილი, დაჩი უჯარმელი მეფობდა.
ანჩისხატის ეკლესია იმ ეპოქიდან შემორჩენილი ერთადერთი ნაგებობა გახლავთ. ტაძარი ტუფის თლილი ქვებით ნაგები სამნავიანი ბაზილიკაა. იგი ადრეული საუკუნეების არქიტექტურული ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს და მხატვრული გადაწყვეტით ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ძეგლს - ბოლნისის სიონს - უახლოვდება. ტაძარმა თხუთმეტსაუკუნოვან ქარტეხილს გაუძლო და ჩვენამდე მრავალჯერ აღდგენილმა და გადაკეთებულმა მოაღწია.
აგებიდან ერთი საუკუნის შემდეგ ხანგრძლივი ომის შედეგად თბილისი ბიზანტიელთა და ხაზართა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო. ამ დროს ტაძარი ისე დაზიანებულა, რომ 634 წელს ქართლის კათოლიკოს ბაბილას ლამის თავიდან აუგია. ამავე დროს აუშენებიათ მის მახლობლად სასახლეც, რომელშიც „მცხეთით ტფილისად მოსრულთა კათოლიკოსთათვის“ რეზიდენცია გადაუტანიათ. როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარი, ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია ერთადერთი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას „ზარის საყდარსაც“ უწოდებდნენ. საისტორიო წყაროებში „მარიამწმიდა ეკლესიის“ შესახებ დაწვრილებითი ცნობები არ შემონახულა. იგი მხოლოდ ზოგადად, საკათოლიკოსო ეკლესიად, მოიხსენიება.
1664 წელს ქართლის კათოლიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან, ანჩის მონასტრიდან, ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი (1555 წელს კლარჯეთი ოსმალთა ხელში გადავიდა და VI საუკუნეში დაარსებული ანჩის საეპისკოპოსოც გაუქმდა). ხატის ახალ ადგილსამყოფელად საკათოლიკოსო ტაძარი - ყოვლადწმიდა მარიამის შობის ეკლესია - შერჩა. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ახალი სახელი - ანჩისხატის ეკლესია.
კათოლიკოს დომენტის ლოცვა-კურთხევით დაზიანებული ტაძარი კიდევ ერთხელ შეუკეთებიათ - აგურის წყობით შეუვსიათ კედლების ჩამონგრეული ზედა ნაწილები, ტაძარში აღუმართავთ აგურის მრგვალი ბოძები და მათზე დაყრდნობილი თაღები. ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს XVII საუკუნეში აგებული აგურის ორსართულიანი სამრეკლო. იგი ტაძრის გალავნისა და ქუჩის ორგანული ნაწილია, ხოლო ეკლესიის ეზოში ჩასასვლელ კარიბჭეს პირველი სართული წარმოადგენს. სამრეკლოს დასავლეთ ფასადში ჩასმულია მართკუთხა ფილა მხედრული წარწერით: „ჩუენ, ქრისტესმიერ კურთხეულმან ბატონის შვილმან კათოლიკოზმან დომენტი, აღუაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლისა შაჰნავაზისსა ტნიგ“ (1675).
არაბთა ბატონობის პერიოდში ანჩისხატი იყო საქართველოში ერთადერთი ტაძარი, სადაც ღვთისმსახურებს ეძლეოდათ ზარების დარეკვის უფლება. 1683 წელს ეკლესია მოხატეს ნიკოლოს კათალიკოსის მეთაურობით.
XVII საუკუნეში წარმოიშვა ტაძრის შემოგარენის სახელწოდებაც - „ანჩისხატის უბანი“. თბილისში შესასვლელი ერთ-ერთი გზა პირველად ამ უბანში შედიოდა. მის მთავარ (ახლანდელი შავთელის) ქუჩას ჯერ წყლისკარის, შემდეგ ანჩისხატის, XIX საუკუნეში კი მაცხოვრის ქუჩა ეწოდებოდა.
გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშნველოვანი ცენტრი გახდა. ქართველ უფლისწულთა აღზრდაც აქვე ხდებოდა. XVII საუკუნეში სამცხიდან ჩამოსული მღვდლის, პეტრე მოსხის, შთამომავლებმა შესანიშნავი კალიგრაფის - ალექსი-მესხიშვილების - დინასტიან ჩაუყარეს საფუძველი. 1755 წელს ერეკლე II-ის ხელშეწყობით ტაძართან საერო სკოლა და სასულიერო სემინარია ჩამოყალიბდა. ანჩისხატის ეკლესიის ეზოში მდებარე სემინარიის შენობას ასეთი ასომთავრული წარწერა ჰქონდა: „ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესე არა რაი არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე - ბჭე ზეცისა. მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა ერეკლესსა, პატრიარქობასა ანტონისსა, 1755 წლის 9 იანვარს“. სემინარიაში საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიასთან ერთად გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, არითმეტიკას, ქართულ ენას ასწავლიდნენ. ხშირად იმართებოდა საჯარო დისპუტები სამეცნიერო საკითხებზე. განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა „კითხვა-მიგების“ მეთოდი. თვით ერეკლე II ხშირად ეწვეოდა ხოლმე სემინარიას და წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილდოებდა.
სემინარიამ 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე, იარსება. ამ დროს ეკლესია ძალიან დაზიანდა. იგი XIX საუკუნის დასაწყისში კვლავ აღადგინეს. 1814 წელს ტაძარი თავიდან მოუხატავთ. 70-იან წლებში ანჩისხატი ისევ შეაკეთეს. ამ დროს მას ყალბი გუმბათი დაადგეს და დასავლეთიდან მრავალსართულიანი სამრეკლო მიაშენეს.
ანჩისხატის ეკლესიას რესტავრაცია 1958-64 წლებში ჩაუტარდა (ხელმძღვანელი: რ. გვერდწითელი). უპირველეს ყოველისა ტაძარს მოაშორეს XIX საუკუნის გუმბათი და ტლანქი სამრეკლო. გვიანდელი გადაკეთებებისგან გასუფთავდა თვით ტაძარიც. გამოვლინდა მისი პირვანდელი იატაკი და XVII საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. შენობას დაუბრუნდა ისეთი სახე, როგორიც დომენტი კათოლიკოსის დროს ჰქონდა.
ათას ხუთასი წლის ანჩისხატის ეკლესია დღესაც მოქმედია.
მღველმსახურნი: ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი რევაზ ტომარაძე. მსახურეობენ აგრეთვე სხვა მღვდელმსახურებიც.
ამაღლების სახელობის ტაძარი
მისამართი: ამაღლების (ყოფილი დავითაშვილის ქუჩა)
ისტორია და არქიტექტურა: მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მშენებლობა დაიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით. ტაძრის საძირკველი დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა გასული წლის ბოლოს იკურთხა. ამაღლების ეკლესიის პროექტის ავტორია არქიტექტორი რეზო ჯანაშია. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკა იქნება, კარიბჭით დასავლეთით და შვერილი აბსიდით. ამ ადგილას ადრე მდგარა პლატონ იოსელიანის მიერ აშენებული ხის ეკლესია, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის დროს დაინგრა და რომლის საძირკველიც დღესაც არის შემორჩენილი. ტაძრის ზომებია: სიგრძე - 14,65 მ; სიგანე - 9 მ. და სიმაღლე - 8,8 მ. ტაძრის შიდა ფართობია 79 კვ.მ. ამაღლების სახელობის ეკლესია მოპირკეთებულია მცხეთის ქვიშა-ქვით. ტაძრის ქტიტორი გახლავთ შ.პ.ს. „ინტერსერვისის“ გენერალური დირექტორი ბატონი კობა ჩაჩუა. ტაძრის აგებაში მონაწილეობდნენ რაულ ხაბულია, დემურ გაბისონია, მშენებლები ზურაბ ყაველაშვილი, დავით ჯაჯანიძე, ზურაბ ლაშხი, ვახტანგ პაქსაშვილი, ჯამბულ უბირია, თამაზ კიკაბიძე, ზაქარია ფრიდონაშვილი, დურმიშხან ხიზანიშვილი, ნუგზარ დუგლაძე, ზაზა თანდაშვილი, არჩილ დათუნაშვილი, ვასილ ჩინჩალაძე, გერასონ იანტბერიძე, ადგილობრივი უბნის მოსახლეობა და სხვები.
ქაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი
მისამართი: რუსთაველის გამზირისა და ჯორჯაძის ქუჩის გადაკვეთა.
ტელეფონი: 99-01-12.
აშენების თარიღი: პირველი ტაძარი აგებული იყო ჯერ კიდევ დავით გარეჯელის მოღვაწეობის დროს. მეორედ ტაძარი 1753 წელს გივი ამილახვარს აუშენებია (იხილე წარწერა ქვემო ტაძრის კარიბჭის მარცხენა კედელში). დღევანდელი ნაგებობის მშენებლობა 1904 წლის 12 ნოემბერს დაიწყო.
აღმაშენებლები: ხუროთმოძღვრები: ლ-პ. ბილიფელდი, ე.ლ. ანდრეოლეტი, ძმები აღლაძეები. შემომწირველნი: ანა ამილახვარი, ნინო და ნიკოლოზ თუმანიშვილები, მართა თურქია, ანტონ და ნიკოლოზ არჯევანიძეები, ბარბარე ლორთქიფანიძე, დავით სარაჯიშვილი.
არქიტექტურა: თანამედროვე შენობა წარმოადგენს სამთავისის ეკლესიის გეგმით აგებულ ჯვარ-გუმბათოვან, სამნავიან ტაძარს. მისი არქიტექტურული თავისებურებაა კანკელის არატრადიციული მდებარეობა. კანკელი გამართულია არა წინა სვეტებს შუა, არამედ მათ უკან, რათა მეტი ადგილი დაეთმოს მლოცველებს, ვიდრე მღვდელმსახურთ. მშენებლობაში გამოყენებულია ალგეთის ქვა, ძეგამის თეთრი ქვა, იტალიური მარმარილო. ჩუქურთმებით ზომიერადაა შემკული - არც ისე ღარიბად, როგორც სიონი და არც ისე ჭარბად, როგორც ნიკორწმინდა. ჩუქურთმები გადმოღებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესიიდან და საკვირველი ჰარმონიულობით არის ურთიერთშეთამხმებული. ტაძარი წარმოადგენს სიმარტივისა და სიმსუბუქის, თვალტანადობისა და სილამაზის იშვიათ სინთეზს.
მსახურები: ჩვენამდე მოღწეული ცნობით, ტაძრის პირველი მოძღვარი იყო დეკანოზი პეტრე მაკარიძე. დღეს ტაძარში მსახურობს ექვსი მღვდელი და ოცდახუთი სტიქაროსანი. ტაძრის წინამძღვარია არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხიძე).
ხატები: ტაძარი მოხატულია ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის მიერ. ხატებიდან აღსანიშნავია: ღვთისმშობლის ხატი - ბეთანიისა, წმინდა გიორგი „წვერისი“, შედარებით ძველი ხატებია გრინევსკის „თამარ მეფე“, „დავით აღმაშენებელი“. კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ცნობით, ქაშვეთში დაცული იყო ორი ჯვარი ცხოველმყოფელი ხით, წმინდა ევსტათის მარჯვენა ხელის ოთხი თითი, დავით გარეჯიდან ჩამოსვენებული წმინდა მოწამეთა ნაწილები, იოანე ნათლისმცემლის სისხლი, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. გიორგის, ქრისტეს ცრემლისა და ოფლის ქაღალდი, პავლე მოციქულის საფლავის მიწა და სხვა წმინდა ნაწილები.
ტიპიკონი: ორშაბათის გარდა, ტაძარში ყოველდღიურად აღევლინება წირვა-ლოცვა. ყოველ ოთხშაბათს სრულდება წმ. გიორგის პარაკლისი.
წმიდა გიორგის სახელობის კარის ეკლესია
მისამართი: ერეკლეს მოედანი, საპატრიარქოს შენობის უკან.
აშენების თარიღი: წინათ ტაძრის მშენებლობის თარიღად XVIII საუკუნეს მიიჩნევდნენ, მაგრამ 1976 წელს ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა საკმაოდ საგულისხმო წვრილმანები წარმოაჩინა. რესტავრატორებმა და არქეოლოგებმა მიაკვლიეს ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიშენებულ სამ აკლდამას, რომლებიც მათში ნაპოვნ ნივთებთან ერთად გვაფიქრებინებს, რომ ეკლესია აშენებულია არაუგვიანეს XIII-XIV საუკუნისა. ეზოს დასავლეთ ნაწილის გათხრებმა გვიჩვენა, რომ 4-6 მეტრის სიღრმეზე, ნანგრევების ფენებსა და მათზე წაყრილი მიწის ქვეშ არსებობს ძველი სასახლის ნაშთები. სასახლე აგებული ყოფილა დიდი, კარგად ნათალი ოთხკუთხა ქვებისაგან. აღსანიშნავია, რომ ერეკლეს მოედნის ჩრდილოეთით დგას საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII უბრალო სასახლე - ორსართულიანი აივნიანი შენობა. ეს იყო მეფის დროებითი სადგომი აღა-მაჰმად-ხანის ურდოების მიერ ქალაქის აოხრების შემდეგ.
1992 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით კარის წმიდა გიორგის სახელობის ახლად რესტავრირებულ ტაძარში განახლდა წირვა-ლოცვა. გადმოცემით, ძველი ეკლესია მთავარანგელოზთა სახელობის იყო.
ტაძრის რესტავრაციასა და წირვა-ლოცვის აღდგენაში დიდი წვლილი მიუძღვის მის პირველ წინამძღვარს არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანი).
ტიპიკონი: წირვა აღევლინება ყოველ შაბათს, კვირას და დღესასწაულებზე. ეკლესიაში ძირითადად მონაზვნები მსახურობენ. ტაძარში გალობს ქალთა გუნდი.
ხატები: ეკლესიაში ძირითადად ახლადდაწერილი ხატებია: წმ. გიორგი, წმ. ნინო და სხვები.
XIX საუკუნის დასასრულისაა რამდენიმე რუსული ხატი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი (ტრიხერუსა), წმიდანი: მარიამ მაგდალინელი, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, ალექსანდრე ნეველი, წმიდა სერაფიმე საროველის ხატი, რომელიც იური და იზა გელაშვილებმა შესწირეს გარდაცვლილი სულის საოხად. ტაძარი მოხატა ხატმწერმა დავით მორგოშიამ.
მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია
მისამართი: მამადავითის მთა.
ისტორიული ცნობები: მამადავითი ეკლესიის ისტორია VI საუკუნიდან იწყება. თბილისის დასავლეთით აღმართული მთის ფერდობზე, კლდეში, სენაკი გამოუკვეთია მამა დავით გარეჯელს და მის ახლოს პატარა სამლოცველოც გაუმართავს. აქვე მოედინება წყარო, რომელიც მამა დავითს ლოცვით გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა განსაკურნებლად. მამა დავითი მალე წავიდა თბილისიდან, მაგრამ ქალაქის მკვიდრთ მისდამი მოწიწება და სიყვარული დიდხანს არ განელებიათ, ამიტომაც უსახელო მთას მამადავითი უწოდეს.
მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა. ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითის მეორე სახელი - მთაწმინდა დაერქვა.
დამპყრობლებმა საუკუნეთა მანძილზე არაერთგზის დაანგრიეს ეკლესია, მაგრამ ღირსი დავითის ლოცვის მეოხებით მთის ეს ფერდობი უკვე უფლის მადლით იყო ცხებული, ამიტომაც იოლად აღდგებოდა ხოლმე ნანგრევებიდან ბარბაროსთა უგუნურების მსხვერპლი.
XVI საუკუნეში ათონის მთიდან ჩამოსულმა ორმა ბერმა, დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა, დაზიანებული ეკლესიის ადგილას ღვთისმშობლის სახელზე მონასტერი ააგეს და ახალ ტაძარს მთაწმინდის ძირას მდებარე მიწები შესწირეს. ქართველი მეფენი და დიდებულნი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ ამ მადლმოსილ ადგილს. ბერად აღკვეცილი ქართლის მეფე დავით X მამადავითის მთაზე ცხოვრობდა და აქვეა დაკრძალული. აქ გარდაიცვალა რუისის ეპისკოპოსი ნიკოლოზიც, რომელმაც ხანდაზმულობის გამო უარი თქვა ეპარქიის მართვაზე და მთაწმინდაზე დასახლდა.
შვილის დაკარგვით დამწუხრებული მეფე ერეკლე II ერთხანს ამ მონასტერში ცხოვრობდა და ქვეყანას აქედან მართავდა. აქაურობა უყვარდა საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი XII-საც, მონასტრის შეკეთებაც განუზრახავს, მაგრამ აღარ დასცალდა.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნის ბოლოს მონასტერი მიტოვებული და გაჩანაგებული ყოფილა. არემარე ისეთ ხშირ ჯაგნარს დაეფარა, რომ მლოცველებს თურმე მასთან მიახლოებაც უჭირდათ.
რუსეთის იმპერიასთან შეერთებამ ბოლო მოუღო თბილისში მუსლიმან დამპყრობელთა თარეშს. დედაქალაქმა გაუთავებელი ომებისა და სისხლისღვრისგან ამოისუნთქა და იარების მოშუშებას შეუდგა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ჯერ გაუქმებული არ იყო. კათოლიკოსმა ანტონ II-მ ყურადღება მიაქცია მამადავითის დანგრეულ ტაძარს და მისი აღდგენა ქაშუეთის მღვდელს თომა გრიგორიევს დაავალა. მამა თომა გულისხმიერებით მოეკიდა საქმეს და უკვე ერთი წლის შემდეგ, 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი „სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა“. ეკლესია აგურით იყო ნაშენი და უგუმბათო ხის სახურავი ჰქონდა. კათოლიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესია ფერისცვალების სახელზე აკურთხა არქიმანდრიტმა ტრიფოლიმ. სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ - გარეჯის უდაბნოში ღირსი მამა დავითი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული.
კავკასიის მთავარმმართებლის ალექსანდრე ერმოლოვის ბრძანებით ეკლესიისაკენ მიმავალი გზა მესანგრეებმა ბუჩქრანისაგან გაწმინდეს და გააფართოვეს. ეკლესიის ეზო ქვის გალავნით შემოღობეს და შიგნით მცირე ზომის სამრეკლო ააგეს.
ასეთი სახით ეკლესიამ 1857 წლამდე იარსება. იმ დროს თბილისში დიდი ყურადღება ექცეოდა ქალაქის არქიტექტურას. შეკეთდა და აშენდა მრავალი ტაძარი. გადაწყდა, მთაწმინდაზეც უფრო დიდი და მოხერხებული ეკლესია აეგოთ. თომა გრიგორიევის ვაჟმა იოსებმა მრევლში მშენებლობისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. ძველი ეკლესია დაშალეს და 1859 წელს ჩაყარეს ახალი ტაძრის ბალავარი.
ქალაქის მცხოვრებლები ფულითაც ეხმარებოდნენ მშენებლობას და ფერდობზე საშენი მასალის აზიდვაშიც მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, მშენებლობა სახსრების ნაკლებობის გამო დიდხანს გაგრძელდა. უფულობის გამო კანკელი ანჩისხატის ეკლესიიდან წამოიღეს. ახალი ტაძარი წმინდა დავით გარეჯელის სახელზე მხოლოდ 1871 წელს აკურთხა საქართველოს მაშინდელმა ეგზარქოსმა ევსევიმ. იმ დროს ეკლესიას გუმბათი ჯერ კიდევ არ ჰქონდა. იგი ექვსი წლის შემდეგ დაადგა იოსებ დეკანოზმა, ხოლო კიდევ ორი წლის შემდეგ კედლებიც მოხატეს.
მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში, ძველი სამრეკლოს ადგილას ფერისცვალების პატარა ეკლესიაც აიგო.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიის ეზოში უკვე იყო დასაფლავებული რამდენიმე ღირსეული მამულიშვილი, 1915 წელს კი, აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში, დაიბადა აზრი, რომ მთაწმინდაზე ერის წინაშე განსაკუთრებით ღვაწლმოსილ პიროვნებათა სასაფლაო მოეწყოთ. 30-იან წლებში დიდუბიდან გადმოასვენეს მრავალი ძვირფასი ადამიანის ნეშტი და აქ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი დაარსდა.
ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული იყო. დილაადრიან იწყებოდა მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. მლოცველები მამადავითის ეკლესიას ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ გარს. ზეიმის დროს ქალაქის ახლომახლო სოფლებიდანაც ჩამოდიოდნენ ღამისმთევლები. დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდებოდა.
მამადავითობის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი და დღესასწაული ყოველ წელიწადს იმართება.
არქიტექტურა: ტაძრის სიმაღლე (ჯვრიანად) 25,7 მეტრია, სიგრძე - 17,2, სიგანე - 10,7 მეტრი. შენობაში, მგალობელთა გუნდის ჩათვლით თავისუფლად ეტევა 400 კაცი. შენობა არ გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით. მასში ქართული ორნამენტი ერთობ მიჩქმალულია, მაგრამ გუმბათს, ყელს, პირამიდულ სახურავს და გვერდითი ფასადის ფრონტონს ქართული ხუროთმოძღვრების ელფერი დაჰკრავს. დღეისათვის მთაწმინდის ფერდობზე ერთმანეთის გვერდით დგას მამა დავითის დიდი და ფერისცვალების პატარა ეკლესიები. მამა დავითის ტაძარი თავდაპირველად უგუმბათო იყო, 1877 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ეკლესიის შენობა გუმბათით დააგვირგვინა.
ტაძრის მახლბლად მდებარეობს მამა დავით გარეჯელის სენაკი, აგრეთვე საკურნებელი თვისებების მქონე წყარო.
ხატები: 1889 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ტაძრის კედლები მოახატვინა. ფრესკათა უმეტესობა საქართველოს ეკლესიის წმიდანთა ცხოვრებას ასახავს. ტაძრის სატრაპეზოს კედელზე წარმოდგენილია იესო ქრისტეს მოციქულთა ფრესკები. საკურთხევლის ორივე მხარეზე მარჯვენა და მარცხენა კედლებზე მოთავსებულია ღირსი დავით გარეჯელისა და წმიდა ნიკოლოზის ხატები. ტაძარს ამშვენებს XIX საუკუნის რუსული ხატები, ასევე თანამედროვე - ათორმეტი საუფლო დღესასწაულის ხატები, მარიამ მაგდალინელი, ღვთისმშობლის ხატი „წყარო ცხოვრებისა“, ადამისა და ევას ხეში ნაკვეთი ხატი.
წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი
წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი აშენებულია XIX საუკუნის II ნახევარში საავადმყოფოს ტერიტორიაზე და მის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა საავადმყოფოში მიცვალებულთა წესის აგება.
იგი აშენდა კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის (ნიკოლოზ I-ის შვილის და ნიკოლოზ II ბიძის) დროს. მის საპატივცემულოდ ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირს დაერქვა მიხეილის გამზირი, რომელსაც რევოლუციის შემდეგ პლეხანოვის გამზირი დაარქვეს. ამ გამზირზე აშენებულ საავადმყოფოს კი დღემდე შემორჩა სახელი „მიხაილოვი“.
ბოლო დროს აღმოჩენილი საარქივო მასალებით, 1888-1903 წლებში მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიაში მსახურობდა დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი, შემდგომში ეპისკოპოსი სტეფანე, ქართული გალობის დიდი მოამაგე. დეკანოზ ვასილ კარბელაშვილის მოხსენებითი ბარათით სინოდის ობერპროკურორ სომბლეროსადმი ირკვევა, რომ ეკლესიასთან არსებულა დაწყებითი სკოლის შენობა, რომელიც ეგზარქოს პალადის 1889 წლის 21 მარტის განკარგულების საფუძველზე 1889 წლის 12 სექტემბერს გახსნილა. სკოლის გახსნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანიათ საავადმყოფოს მთავარ ექიმს მარკ გოლბეკს და მის ქალიშვილ ანნას. ეს სკოლა შემდგომში დამწვარა. აღნიშნული მიმართვით დეკანოზი ვასილი თხოულობდა დახმარებას სკოლის აღდგენაში.
თედო სახოკიას მოგონებები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ალექსანდრე ყაზბეგს წესი მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში აუგეს: „დიმიტრი ყიფიანის შემდეგ საქართველოში ასეთი ამბით მარტო ალექსანდრე ყაზბეგს ეღირსა დასაფლავება! ზღვა ხალხი, ქალი, კაცი შეგროვდა, მწერლობის მსახურნი, საზოგადო მოღვაწენი. კუკიის ხიდთან რომ იყო სამგლოვიარო პროცესიის თავი, ბოლო ისევ მიხეილის საავადმყოფოს სამლოცველოსთან ჩანდა დიდი მთავრის (ამჟამად კამოს) ქუჩაზე“ (თედო სახოკია, „ჩვენი საუკუნის ადამიანები“, გვ.70).
საბჭოთა რევოლუციის შემდეგ ტაძარმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
XX საუკუნის 20-იან წლებში მეცნიერმა, საქართველოში პათოლოგიური ანატომიის დამაარსებელმა, პროფესორმა ვლადიმერ ჟღენტმა, გერმანიიდან ჩამოტანილი სპეციალური პროექტით ტაძარს სპეციალური ლაბორატორია მიაშენა, ტაძარი კი აუდიტორიად გადაკეთდა. ლაბორატორიის შენობაში ფუნქციონირებდა პროზექტურა და სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრა. აუდიტორიად გადაკეთებულ ტაძარში სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები ლექციებს ისმენდნენ. 90-იან წლების დასაწყისში ეკლესია საპატრიარქოს დაუბრუნდა.
ტაძრის ინტერიერი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია. სამუშაოებს ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზი ხვთისო შალიკაშვილი და თბილისის ყოველთაწმიდათას ტაძრის წინამძღვარი მამა მიქაელ შაიშმელაშვილი ხელმძღვანელობდნენ. მათ მხარში ედგათ მშენებელ-რესტავრატორთა ჯგუფი. ტაძრის რესტავრაციის დასრულებამდე მოძღვრები სისტემატურად იხდიდნენ პარაკლისებს.
სარესტავრაციო სამუშაოებმა, თუ არ ჩავთვლით დიდი ფანჯრების ამოშენებას, ტაძარს ძველებური იერსახე შეუნარჩუნა.
ალექსანდრე ცინავა ტაძრის კურთხევას ასე აგვიწერს: „1996 წლის 18 სექტემბერს, დღესასწაულის წინა დღეს, მეუფე ნიკოლოზმა მწუხრის ლოცვა აღავლინა, ზეთი სცხო მრევლს და კურთხევის აღსრულებას შეუდგა. აკურთხა ტაძრის ტრაპეზი, მირონი სცხო მას და სანაწილის წინ ამოკვეთილ ჯვარში წმიდა ნაწილი ჩაასვენა. შემდეგ მირონი სცხო ტაძრის შიდა კედლებს და ტაძარს საზეიმო პროცესიით გარს შემოუარა. ხოლო დღესასწაულის დღეს ტრაპეზს ოდიკი გადააფარა, მირონი სცხო ტაძრის გარე კედლებს... მწუხრის ლოცვისას და ლიტურგიისას განუწყვეტლივ გაისმოდა ზარების რეკვა“. („ტაძრის სიცოცხლე“, გაზ. მადლი. 1996 წ. 25 ოქტ. № 7-8).
მიხეილ თუმანიშვილის ოჯახმა რეჟისორის კოლექციიდან მისი ანდერძისამებრ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარს შესწირა მცირე ზარი, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება.
ტაძრის კარიბჭე
ეკლესიას ბაზილიკური ფორმა აქვს. ტაძრის შესასვლელზე დაშენებულია ჯვრით დაგვირგვინებული სამრეკლო. სამრეკლოზე ასვლა შესაძლებელია ტაძრის შესასვლელის მარჯვენა გარეთა მხრიდან გაკეთებული რკინის კიბეებით. სამრეკლოდან კარები ტაძრის დასავლეთის მხარეს მგალობელთათვის მოწყობილ ქოროს უკავშირდება. აფსიდზე მაცხოვრის ფრესკა მოხატულია მოსაშვილის მიერ, ხოლო დანარჩენი ნაწილი დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ მოხატა.
ტაძრის ეზოს კარიბჭის თავზე ეზოს შიდა და გარე მხრიდან ჩასმულია მთავარანგელოზ მიქაელის ფრესკა, ჭიშკარი ხისგანაა დამზადებული, რომელზეც წმინდანთა ხატებია ამოკვეთილი. კარები დამშვენებულია ამოკვეთილი ჯვრებით და სხვადასხვა ქართული ორნამენტით. კარიბჭე დაგვირგვინებულია ჯვრით.
ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მასთან ერთად მსახურობენ დეკანოზი ზაქარია გოჩიტაშვილი და მღვდელი კახაბერ კურტანიძე. ტაძრის გამგებელია ექიმი დავით გოგუაძე.
ტაძრის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. დაგეგმილია ტაძრის მოხატვის დასრულება, ახალი იატაკის დაგება და ტაძრის ეზოში არსებული შთაფლვით ნათლობის სანათლავი ავზის დასრულება, რომელიც შადრევნის ფუნქციასაც შეასრულებს.
ტაძარში ყოველ ორშაბათს 16 საათზე აღესრულება მთავარანგელოზ მიქაელის პარაკლისი.
წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის მეოხებით ღმერთმა დაიფაროს საქართველო შინაური და გარეშე მტრებისაგან,