Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
საქართველოს მოქალაქეების "ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობა, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა..."
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა
შესავალი
საქართველო დღეს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება. სამოცდაათწლიანი ოკუპაციის შემდეგ, 1991 წელს საქართველომ კვლავ მოიპოვა თავისუფლება, რასაც მოჰყვა პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის, გარე ძალების მიერ მხარდაჭერილი შიდა კონფლიქტების პერიოდი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხალხმა მიიღო ურყევი გადაწყვეტილება, აშენოს დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფო, სადაც გარანტირებული იქნება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება, მოქალაქეების კეთილდღეობა და საბაზრო ეკონომიკა.
2003 წლის "ვარდების რევოლუციამ" კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დემოკრატია და თავისუფლება საქართველოს ხალხისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე, ტრადიციული ფასეულობებია. საქართველო, როგორც ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი, რომლის ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები ევროპულ ფასეულობებსა და ტრადიციებზეა დაფუძნებული, მიისწრაფვის ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებში ინტეგრაციისაკენ. საქართველო ესწრაფვის დაუბრუნდეს თავის ევროპულ ტრადიციას და დარჩეს ევროპის განუყოფელ ნაწილად.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც ასახავს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, აღწერს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ საფრთხეებს, რისკებს და გამოწვევებს და ადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეს კონცეფცია ხაზს უსვამს საქართველოს ხალხის სწრაფვას, მოახდინოს ქვეყნის სრული ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა (NATO) და ევროკავშირში და თავისი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილის, განმტკიცებაში.
საქართველოს ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე ატარებს შესაბამის გრძელვადიან ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების დაცვას და ეროვნული ინტერესების განხორციელებას ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე ადეკვატურად რეაგირებით.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე იქმნება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგიები და გეგმები. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ცვლილებასთან ერთად ხდება ცალკეული დარგობრივი სტრატეგიებისა და გეგმების განახლებაც.
საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები
საქართველოს სახელმწიფოებრიობა ეფუძნება მის ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს, რომელთა დაცვა აუცილებელია საქართველოს არსებობისა და უსაფრთხოებისათვის, მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. საქართველო დაიცავს თავის ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს ყველა არსებული კანონიერი საშუალებით. საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებებია:
1. დამოუკიდებლობა: საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მათგანაც შესაბამის დამოკიდებულებას მოითხოვს. საქართველოსათვის მიუღებელია მის საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევა.
2. თავისუფლება: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებებია. საქართველო ქმნის გარანტიებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისა და ჯგუფის საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, პატივს სცემს მათი თავისუფალი არჩევანის უფლებას და ამკვიდრებს ხელსაყრელ გარემოს თითოეული მოქალაქის შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.
3. დემოკრატია და კანონის უზენაესობა: საქართველო ერთგულია უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპებისა, რომელთა საფუძველზედაც ამკვიდრებს მმართველობის დემოკრატიულ სისტემას, სადაც სახელმწიფოს ძალაუფლება კანონით არის განსაზღვრული და განაწილებული სახელისუფლებო შტოებს შორის. საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში გარანტირებულია სასამართლო ხელისუფლების სიძლიერე და დამოუკიდებლობა. საქართველო ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფს მასმედიის დამოუკიდებლობას.
4. კეთილდღეობა: თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ასამაღლებლად და ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად საქართველო უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას დემოკრატიული, გამჭვირვალე წესების საფუძველზე და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის გატარებას. საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ქმნის ხელსაყრელ გარემოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარების, საგარეო ვაჭრობის გაფართოებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის.
5. მშვიდობა: საქართველო მიზნად ისახავს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ყველა სახელმწიფოსთან. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობების განვითარება მეზობელ ქვეყნებთან. სადავო საკითხების გადასაწყვეტად საქართველო გამოიყენებს მშვიდობიან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ მეთოდებს. თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო მნიშვნელოვან წვლილს შეიატანს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
6. უსაფრთხოება: საქართველოს ხელისუფლება ესწრაფვის საქართველოს სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტებისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმებით.
საქართველოს ეროვნული ინტერესები
საქართველოს ეროვნული ინტერესები თანამედროვე საერთაშორისო სისტემასა და ქვეყანაში არებული ვითარებიდან გამომდინარეობს. ეროვნული ინტერესები ეფუძნება საქართველოს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს. ეროვნული ინტერესების რეალიზაცია უზრუნველყოფს სახელმწიფოს სტაბილურობას და განვითარებას, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ეროვნული ინტერესების დაუცველობა საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს. საქართველოს ეროვნული ინტერესებია:
1. ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა: საქართველო მოწოდებულია აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა. საქართველო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას იმ პრობლემების მშვიდობიანად და სამართლებრივად მოგვარებისათვის, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საქართველოს ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის დროს.
2. ეროვნული ერთიანობის და სამოქალაქო თანხმობის უზრუნველყოფა: საქართველო უზრუნველყოფს ქვეყანაში მცხოვრები ყველა მოქალაქის, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის ინტერესებს, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ამისათვის საქართველო აშენებს საზოგადოებას, რომელიც ეფუძნება პლურალიზმის, შემწყნარებლობის, სამართლიანობის, სოლიდარობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს. საქართველო ესწრაფვის, საკუთარ მოქალაქეებს განუმტკიცოს კონსტიტუციის პატივისცემა და უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქედ მათი თვითიდენტიფიკაცია.
3. რეგიონული სტაბილურობა: უსაფრთხოების გარემო, რომელშიც საქართველო იმყოფება, განისაზღვრება, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მიმდინარე პროცესებით, ამასთანავე, მასზე სერიოზულ გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში განვითარებული მოვლენები. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვენელობას ანიჭებს შავი ზღვის აუზში, კავკასიასა და რუსეთში მიმდინარე პროცესებს. ამ სივრცეში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და არსებული დავების მშვიდობიანად გადაწყვეტა საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში საერთაშორისო თანამშრომლობით საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებაში.
4. თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცება მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონებში: საქართველო მიესალმება და ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონებში დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების, როგორც სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პირობის, განმტკიცებას.
5. ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება და ენერგეტიკული უსაფრთხოება: საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციის გაძლიერებას. ამ მიზნით იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში. ენერგიის ალტერნატიული წყაროების და სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა რესურსების მოწოდების უზრუნველყოფა, ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება უკავშირდება საქართველოში სტაბილურობის განმტკიცებას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებას და მისი მოქალაქეების კეთილდღეობას.
6. ქვეყნისა და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოება: გარემოს დაცვის ხარისხი და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანდაცვასთან. საქართველოს ბიომრავალფეროვნებისა და სატრანზიტო ფუნქციის გათვალისწინებით საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება ფართომასშტაბიანი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.
7. ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის უზრუნველყოფა: საქართველო, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე სახელმწიფო, კულტურული მრავალფეროვნების და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს.
ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები
1. ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა: დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის მთავარი საფრთხეა. გარედან ინსპირირებული და მხარდაჭერილი აგრესიული სეპარატისტული მოძრაობები შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაიზარდა, რამაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების საქართველოდან ფაქტობრივი გამოყოფა და ამ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა გამოიწვია.
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მთავარი წყარო ზოგიერთი პრობლემისა, რომლებიც ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას: საქართველოს სამას ათასამდე მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა კანონიერი საცხოვრებელი ადგილები; სახელმწიფო საზღვრები დაუდგენელი რჩება; არაკონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებიან უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, შექმნილია ხელსაყრელი გარემო ტერორისტული ჯგუფების საქმიანობისათვის და ნაყოფიერი ნიადაგი კონტრაბანდისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისათვის; სეპარატისტული რეჟიმები სისტემატურად არღვევენ ადამიანის უფლებებს. დარღვეულმა ტერიტორიულმა მთლიანობამ, თუკი ვერ მოხერხდა ამ პრობლემის დროული და ეფექტიანი მოგვარება, შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფოს, ფუნქციონირებას.
2. მეზობელ ქვეყნებში არსებული კონფლიქტების გადმოდინება: მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადმოდინება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი სერიოზული საფრთხეა და მას შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოჰყვეს. ამ კონფლიქტებმა შეიძლება გამოიწვიოს პროვოკაციები სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხრიდან, რაც არაერთხელ მომხდარა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით. მეზობელ ქვეყნებში არსებულმა კონფლიქტებმა შესაძლებელია განაპირობოს საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილთა მასობრივი შემოდინება და შექმნას ხელსაყრელი პირობები ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებებისა და კონტრაბანდისათვის.
რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე კონტროლის არარსებობა აძლიერებს ზემოაღნიშნულ საფრთხეს და ქმნის დამატებით ხელისშემშლელ ფაქტორებს აღნიშნულ პრობლემასთან ეფექტიანად გამკლავებისათვის. მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტების მოუგვარებლობა და გახანგრძლივება და რუსეთში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში, სტაბილურობის დარღვევამ, შესაძლოა საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა გამოიწვიოს. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ფორმირებების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეულ შემთხვევებში, ქვეყნის სტაბილურობისათვის რისკის შემცველი ფაქტორია.
3. სამხედრო ინტერვენცია: საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა მცირეა, თუმცა საზღვრის შეიარაღებული დარღვევა და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხრიდან რეალურია და კვლავ ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას. არაერთხელ მომხდარა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, რაც გამოიხატა საქართველოს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სივრცის სისტემატური დარღვევეით და ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის განხორციელებით.
საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და ქვეყნის საზღვრების ახლოს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების განახლებისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობას. ამასთანავე, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭება პოტენციური საფრთხეა, რადგან გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გასამართლებლად.
4. საერთაშორისო ტერორიზმი: საერთაშორისო ტერორიზმი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეა, განსაკუთრებით - მეზობელ რეგიონებში განლაგებული ტერორისტული კერების გათვალისწინებით.
საქართველო, როგორც საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური მონაწილე, შესაძლოა იქცეს საერთაშორისო ტერორისტული აქტების სამიზნედ. ტერორისტული აქტები შეიძლება განხორციელდეს ეროვნული უსაფრთხოებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაზე ან/და ობიექტებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო ნავთობ და გაზსადენებზე და საქართველოში მდებარე სხვა სახელმწიფოების კუთვნილ ობიექტებზე.
5. კონტრაბანდა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებანი: მეზობელ ქვეყნებში მოუგვარებელი კონფლიქტების არსებობა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გავრცელებული უკანონობა და სახელმწიფო საზღვრების სუსტი კონტროლი ხელსაყრელ პირობებს ქმნის კონტრაბანდისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებებისათვის, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას. ეს საფრთხეები ძირს უთხრის საქართველოსა და რეგიონის სტაბილურობას, ხელს უშლის სახელმწიფოში წესრიგისა და კანონიერების დამყარებას. საქართველოსათვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს მისი ბუნებრივი სატრანზიტო მდებარეობის აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულებების ჩადენის მიზნით გამოყენების შესაძლებლობა.
6. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები: საქართველოში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები აღარ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტს, თუმცა მათ სრულ გაყვანამდე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ფორმირებების არსებობა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი ფაქტორია და მასზე ჯერ კიდევ უარყოფით გავლენას ახდენს. საქართველო მიესალმება რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის რეჟიმში გადასვლას და მიაჩნია, რომ 2005 წლის 30 მაისს "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადების" განუხრელი შესრულება ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას და ურთიერთნდობის გაძლიერებას.
7. კორუფცია და სახელმწიფო მართვის არაეფექტიანი სისტემა: მმართველობის დემოკრატიული სისტემის და ურთიერთშეკავებისა და წონასწორობის მექანიზმის არსებობის სუსტმა ტრადიციამ ხელი შეუწყო კორუფციის ზრდას. ბოლო წლებში კორუფციამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია და ისეთი სისტემური და დრამატული ხასიათი მიიღო, რომ საფრთხე შეუქმნა ეროვნულ უსაფრთხოებას რესურსების ფლანგვით, მოსახლეობაში დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტებისადმი რწმენის შერყევით და ეკონომიკური წინსვლის შეფერხებით, რამაც უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების ერთიანობასა დ სოციალურ ჰარმონიაზე. საქართველოს ბოლოდროინდელი გამოცდილება აჩვენებს, რომ კორუფციამ და სახელმწიფო მართვის არაეფექტიანმა სისტემამ, თუ მათი მოგვარება არ იქცევა მუდმივი ზრუნვის საგნად, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
8. ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები: სუსტად განვითარებული ეკონომიკა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევაა, ვინაიდან მდგრადი განვითარების გარეშე საქართველოს ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა დაბალი რჩება.
ეკონომიკურმა ჩამორჩენილობამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებას, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სისტემის დეგრადაციას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებას, უმუშევრობის მაღალ დონეს და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რიცხვის ზრდას, რამაც გამოიწვია მოქალაქეთა უკანონო საქმიანობაში ჩართვა.
არათანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარება და ძლიერი საშუალო ფენის არარსებობა იწვევს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის ცხოვრების პირობების დისპროპორციას. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა ცენტრსა და რეგიონებს შორის ამწვავებს სიტუაციას და შესაძლოა ხელი შეუწყოს სოციალური და პოლიტიკური ექსტრემიზმის გაღვივებას. სოციალურმა დაძაბულობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მდგრად განვითარებას, სტაბილურობას და ეროვნულ უსაფრთხოებას.
9. ენერგეტიკული გამოწვევები: საქართველოს დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს ენერგორესურსებზე, სადაც თავისუფალი ბაზარი და საკუთრების უფლება გარანტირებული არ არის, ასევე ადგილობრივი ენერგიის წყაროების არასაკმარისი განვითარება, ენერგიის არასტაბილური მიწოდება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მძიმე ტექნიკური მდგომარეობა ასუსტებს საქართველოს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს საგარეო ზეწოლისათვის. ენერგეტიკულმა გამოწვევებმა, თუკი არ მოხდა მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, შეიძლება საფრთხე შეუქმნას არამარტო ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებას.
10. ინფორმაციული გამოწვევები: ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის და მისი განმახორციელებელი ინფრასტრუქტურის სისუსტემ, ასევე სახელმწიფო მართვის არასაკმარის და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, სახელმწიფოს კუთვნილი, შესაბამისი გრიფის მქონე ინფორმაციის დაცვის არასრულყოფილი სისტემა, სახელმწიფო საინფორმაციო სისტემების უკანონო შეჭრა ინფორმაციის მოპოვების ან დაზიანების მიზნით და გარე ძალების მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საინფორმაციო შეტევების განხორციელება სერიოზული გამოწვევაა ეროვნული უსაფრთხოებისათვის.
11. ეკოლოგიური გამოწვევები: ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის გაუარესებას, ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ უბედურებებს შეუძლია საფრთხე შეუქმნას საქართველოს ბუნებრივ გარემოს, მისი მოქალაქეების კეთილდღეობას და ბიომრავალფეროვნებას. საქართველოს მდებარეობა სეისმურად აქტიურ ზონაში ზრდის მისი დაუცველობის ხარისხს ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულმა ტერორისტულმა აქტებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ბუნებრივი გარემო. მეზობელ ქვეყნებში მსხვილი სამრეწველო ობიექტების დაზიანებას შესაძლოა ასევე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ზიანი და სხვა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია დაიცვას ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეროვნული ინტერესები, უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს და ხელი შეუშალოს რისკებისა და გამოწვეევბის საფრთხეებში გადაზრდას ან არსებული საფრთხეების გაძლიერებას.
1. სახელმწიფო მართვის გაძლიერება და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება
საქართველოს მოქალაქეების მტკიცე ნებაა, აშენონ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება და შექმნან კანონის უზენაესობასა და ყოველი მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემა, რომელიც იქნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გარანტი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. ასეთი პოლიტიკური სისტემა ქვეყნის შემდგომი განვითარების უმთავრესი საფუძველია.
საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის ფუნქციების გამიჯვნას, რაც მმართველობის დემოკრატიული სისტემის საფუძველია. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების რეფორმირებისა და საქმიანობის ოპტიმიზაციის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების რეფორმა. შექმნილია სახელმწიფო მმართველობის რეფორმის სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მმართველობის სტრუქტურული და ფუნქციური რეფორმების ეფექტიანი განხორციელება. მიმდინარეობს ეფექტიანი მმართველობის სტრატეგიის შემუშავება, რომლის მიზანია მმართველობის სისტემის სრულყოფა, საჯარო სექტორის გამჭვირვალეობისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის გაძლიერება, კანონის უზენაესობის დამკვიდრება და ხელისუფლების სამივე შტოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას. ამ სფეროში რეფორმების განსახორციელებლად და სახელმწიფო მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისათვის შექმნილია და მუშაობს "ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისია."
საქართველო უზრუნველყოფს სათანადო პირობების შექმნას არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის გასავითარებლად. ეს ხელს უწყობს ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდას.
მმართველობის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია სახელმწიფო სექტორში კორუფციის შემცირების გარეშე, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხელისუფლების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა და შესაბამისი სოციალური გარანტიების მქონე, ძლიერი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება. კორუფციის თავიდან აცილების მექანიზმების გასაძლიერებლად ხორციელდება ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები. დასრულების ეტაპზეა საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებას. სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება შეიმუშავებს და დაამტკიცებს სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას, სადაც განსაზღვრული იქნება გასატარებელი ღონისძიებები, პასუხისმგებელი უწყებები და განხორციელების ვადა.
2. სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ამაღლება
სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად საქართველო ავითარებს შეიარაღებულ ძალებს, აძლიერებს სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმებს, თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოებასთან მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად და აყალიბებს კრიზისების მართვის მექანიზმებს.
საქართველო ახორციელებს თავდაცვის ფართომასშტაბიან რეფორმას, რის შედეგადაც იქმნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისი, გაზრდილი შესაძლებლობების მქონე, თანამედროვე, ეფექტიანი და მდგრადი შეიარღებული ძალები, რომელთაც ძალა შესწევთ დაძლიონ ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი სამხედრო საფრთხეები. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოთ საერთაშორისო ანტიტერორისტულ და მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციებში მონაწილეობა, ასევე სამოქალაქო ხელისუფლების დახმარება საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს რეფორმა ითვალისწინებს არა მარტო სტრუქტურულ ცვლილებებს, არამედ შეიარაღების, აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და შესაძლო ამოცანებზე მორგებული შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის ოპტიმიზაციას. შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის გზაზე საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობარი ქვეყნების დახმარებას და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
NATO-სთან "ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა" და მიმდინარე თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვა საფუძვლად უდევს ზემოაღნიშნული რეფორმების განხორციელებას და მდგრადობას.
შეიარაღებულ ძალებზე ეფექტიანი დემოკრატიული სამოქალქო კონტროლის დაწესება თავდაცვის რეფორმის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტია. საქართველოს თავდაცის სამინისტრო გარდაიქმნა სამოქალაქო უწყებად, რომელსაც სამოქალაქო მინისტრი ხელმძღვანელობს; მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს შორის ფუნქციების გამიჯვნა. თავდაცვის სისტემის ანგარიშვალდებულება გარანტირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკას, ამტკიცებს თავდაცვის ბიუჯეტს, აკონტროლებს თავდაცვის ხარჯებს, მიიღებს კანონებს თავდაცვის სფეროში და აკონტროლებს მათ შესრულებას.
საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად აუცილებლად მიიჩნევს სამობილიზაციო სისტემის რეფორმირებას და რეზერვისტების მომზადების სისტემის განვითარებას. ამასთან ერთად, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს სამოქალაქო თავდაცვის განვითარება. სამოქლაქო თავდაცვა უნდა იყოს სახელმწიფო თავდაცვის სისტემის მხარდამჭერი მექანიზმი სერიოზული საფრთხის ან კრიზისის დროს; იგი მოამზადებს მოქალაქეებს თავდაცვისათვის და უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვას საგანგებო სიტუაციების შედეგად მიღებული ზარალის შემცირების ან ლიკვიდაციის გზით.
მრავალეროვნულ ანტიტერორისტულ, სამშვიდობო, სამაშველო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველო იღებს მდიდარ გამოცდილებას, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამით მას თავისი წვლილი შეაქვს ევრეოა