Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და მნიშვნელოვნად სრულყოფს ეროვნული თავდაცვის პოლიტიკას 2010 წლამდე. იგი განსაზღვრავს სშძ-ს საქმიანობას და გეგმებს მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში. ეროვნული სამხედრო სტრატეგიის (ესს) დოკუმენტი აყალიბებს ეფექტური უსაფრთხოების სისტემის განვითარებისა და შეიარაღებული ძალების მშენებლობის საფუძველს.
საქართველოს თავდაცვის ზოგადი პრინციპები
საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის პირდაპირი აგრესიისაგან დაცვაზე და NATO-სთან თავსებადობის მიღწევაზე. ძალზე მნიშვნელოვანია, სტრატეგიული გარემოს ზუსტი შეფასება, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
ეროვნული სამხედრო სტრატეგიის მნიშვნელობა
· ამყარებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას;
· განსაზღვრავს სამხედრო მიზნებს, ამოცანებს და მოთხოვნილებებს;
· განსაზღვრავს სშძ-ს მოქმედებას და მიმართულებებს ოპერატიული გეგმების შედგენისათვის;
· ადგენს მიმართულებებს სშძ-ს სტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის 2010 წლის ჩათვლით.
სტრატეგიული გარემოს ძირითადი ასპექტები
საქართველოს არსებული სტრატეგიული გარემო ხასიათდება სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური ლანდშაფტით, ტექნოლოგიური განვითარებით, პოტენციური მოწინააღმდეგეების სიმრავლითა და შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობებით. არსებული და პოტენციური საფრთხეებისა თუ გამოწვევების ანალიზი გადამწყვეტია სშძ-ს მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის თვალსაზრისით.
ეროვნული სამხედრო მიზნები
· თავდაცვა;
· შეკავება და პრევენცია;
· მზადყოფნა;
· საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობა.
სამხედრო წარმატების აუცილებელი ფაქტორები
· მოქნილობა;
· ერთიანი ოპერაციების წარმართვა;
· NATO-სთან თავსებადობა / საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა;
· ქვეყნის თავდაცვისა და კრიზისების დროს მოქმედების წინასწარი დაგეგმვა;
· სამოქალაქო უწყებებისათვის დახმარების გაწევა;
· სადაზვერვო და ინფორმაციული შესაძლებლობები.
შეიარაღებული ძალების სტრუქტურა
სშძ-ს სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სამხედრო მიზნებს. ქართული ქვედანაყოფები შესაძლოა შეზღუდული იყოს დროში რეაგირებისათვის. შეიარაღებული ძალების სტრუქტურა შესაძლებელს უნდა ხდიდეს ძალების სწრაფად განლაგებას, მობილურობას, მოქნილობას და სიტუაციაში ეფექტურ ჩართვას.
სშძ-ს სამომავლო ხედვა
ეროვნული სამხედრო სტრატეგია აყალიბებს სამხედრო დაგეგმვისა და განვითარების პრიორიტეტებს, რაც ჩვენს შძ-ს მოამზადებს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გამოწვევებზე პასუხის გასაცემად. შეიარაღებულმა ძალებმა უნდა განაგრძოს მისი საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება, რათა შეძლოს ქვეყნის დამოუკიდებლად დაცვა. ამავდროულად, უნდა გადაიდგას ნაბიჯები კოლექტიურ თავდაცვაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად. შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მოხდეს ყველა ძალისხმევის გამოყენება ამ ორი მიზნის მისაღწევად.
I - შესავალი
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის (თპ) განხორციელებას 2010 წლამდე. იგი მოკლე (2005-2007) და საშუალოვადიან (2008-2010) პერსპექტივაში ასახავს ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამოქმედო სფეროებს, გეგმებს და საფუძველს ქმნის მომავალში ეფექტური უსაფრთხოების სისტემისა და შეიარაღებული ძალების განვითარებისათვის. გარდა ამისა, დოკუმენტი განსაზღვრავს თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯებს, რაც შესაბამისი გამჭირვალეობითა და ანგარიშგებით წარიმართება და აუცილებელია NATO-ში ინტეგრაციისათვის.
აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც ასეთი სახით საქართველოში პირველად შემუშავდა, ზოგადად მიმოიხილავს სშძ-ს სტრატეგიულ მიმართულებას და ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას სამხედრო სფეროს შესახებ. თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის (თსსმ) დასრულების შემდეგ მოხდება ეროვნული სამხედრო სტრატეგიის გადახედვა და მასში დეტალური (საიდუმლო) დანართების შეტანა, რომლებიც შძ-ს სტრუქტურისა და ოპერატიული დაგეგმვის მთავარ პრინციპებს დაადგენენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
საქართველოს შეიარაღებული ძალების (სშძ) დანიშნულება განისაზღვრება "კანონით თავდაცვის შესახებ" (თავი III მუხლი 7) და მოიცავს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებას. საქართველოს შეიარაღებული ძალები დემოკრატიული კონტროლის პრინციპის გათვალისწინებით ამ ამოცანებს ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს მითითებებითა და ზედამხედველობის ქვეშ. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მისიის უზრუნველსაყოფად თავდაცვის სამინისტროს ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
· საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესისათვის პოლიტიკური მიმართულებების განსაზღვრა;
· ქვედანაყოფების მაღალი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
· აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულება;
· არსებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით საფრთხეების განსაზღვრა;
· შეიარაღებული ძალების სტრუქტურის სრულყოფა;
· საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების მიხედვით სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება.
სშძ-ს განვითარების ძირითადი მიმართულებები
თავდაცვის პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლება. ეს პროცესი მოითხოვს კვალიფიციური პირადი შემადგენლობის მომზადებას, მოძველებული შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, სადაზვერვო შესაძლებლობების დახვეწას, შეიარაღებული ძალების აღჭურვასა და შესაბამისი მარაგების შექმნას, საყოფაცხოვრებო და სამსახურის პირობების გაუმჯობესებას.
ქვეყნის ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტული მიზანია NATO-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა, რაც კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის საშუალებით საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის შეკავების აუცილებლობით აიხსნება. მთავარი ამოცანაა მაღალი შესაძლებლობების მქონე NATO-სთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ NATO-ს ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მიღებას.
თავდაცვის პოლიტიკის ასევე მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს თავდაცვის მართვის სისტემის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, რომლებიც საშუალებას მოგცვემს ეფექტურად გამოვიყენოთ არსებული ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსები. ეს პროცესი ასევე გულისხმობს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურების ფუნქციონირების ეფექტურობის ამაღლებას, დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესის დახვეწას, ასევე განვითარების პროგრამების შემუშავებას, რომლებიც საფუძვლად დაედება საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესს.
II - საქართველოს თავდაცვის ზოგადი პრინციპები
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, რომელიც თავდაცვის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, აყალიბებს შეიარაღებული ძალების მშენებლობის, სტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარების სტრატეგიის საფუძველს. ამ სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანილი შეიარაღებული ძალები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებისა და აგრესიის შეკავების ხარისხზე. თავდაცვის პოლიტიკა წარმოადგენს უსაფრთხოების კონცეფციის ნაწილს და განიხილავს, როგორც არსებულ ვითარებას, ასევე მოსალოდნელი კრიზისული სიტუაციების დროს მოქმედების სტრატეგიას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, რომელიც უკეთეს შესაძლებლობებს იძლევა ეროვნული ინტერესების მშვიდობიანი განხორციელებისა და უზრუნველყოფისთვის. თავდაცვის პოლიტიკა ადგენს, თუ რა გარემოებების დროს ხდება შეიარაღებული ძალების გამოყენება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. თპ ხელს უწყობს ისეთი სტრატეგიის (ხანგრძლივი და მოკლე-ვადიანი გეგმების შემუშავება), მართვისა და რესურსების ეფექტურად განაწილების მექანიზმების შემუშავებას, რის საფუძველზეც შემდგომში კონკრეტულად განისაზღვრება თუ რა საშუალებებით შეიძლება იქნას დაცული ქვეყნის ეროვნული ინტერესები. საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა შემდეგ ძირითად პრინციპებს შეიცავს: ქვეყნის თავდაცვის ზოგადი პრინციპები:
1. პირდაპირი აგრესიის თავიდან აცილება და მისგან დაცვა
2. NATO-სთან ინტეგრაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა
3. სტრატეგიული გარემოს ზუსტი შეფასების უნარი
4. კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა
5. საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობა
პირდაპირი აგრესიის თავიდან აცილება და მისგან დაცვა
საქართველოს სამხედრო მზადყოფნა და პოტენციალი ქვეყნის თავდაცვისთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დახმარება, მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრესიის შესაკავებლად. შეკავება საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის თავდაცვისათვის და გულისხმობს კარგად მომზადებულ შეიარაღებულ ძალებს და მოსახლეობის მაღალი მზადყოფნას დაიცვას საკუთარი ქვეყანა, რაც მოწინააღმდეგეს აგრესიაზე უარს ათქმევინებს. ის უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და საქართველოს ეროვნული ინტერესების მშვიდობიანი გზით განხორციელებას. სამხედრო საფრთხის გაჩენის შემთხვევაში კეთდება ყველაფერი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად და კონფლიქტის სასურველი შედეგებით გადასაწყვეტად. ამისათვის საჭიროა საქართველოს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მოქმედება, რათა მოხდეს არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენება.
NATO-სთან ინტეგრაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა
საფრთხეებისა და გამოწვევების მომრავლება, მათი წინასწარი პროგნოზირების სირთულე და რთული რეგიონალური ვითარება კავკასიაში საქართველოს უბიძგებს აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან უსაფრთხოების სფეროში. საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედი არის გადასვლა თავდაცვის ტერიტორიული პრინციპიდან კოლექტიურზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი პარტნიორი ქვეყნების კოალიციური ძალების მოქმედებებში და მოკლე ვადაში ვგეგმავთ NATO-ში გაწევრიანებას. საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა დიდ ყურადრებას უთმობს შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების დინამიურ განვითარებას, როგორც NATO-ში ინტეგრაციის პროცესის შემადგენელ ნაწილს.
სტრატეგიული ვითარების ზუსტად შეფასების უნარი
დროული შეფასებებისა და ზუსტი დასკვნების გაკეთების უნარი ძალზე მნიშვნელოვანია ეროვნული თავდაცვის ეფექტურობისათვის. საქართველო კარგად უნდა იყოს ინფორმირებული ზოგადად საერთაშორისო გარემოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ეროვნული ძალისხმევის დიდი ნაწილი მიმართულია სადაზვერვო შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე, ისევე როგორც ტექნოლოგიურ განვითარებაზე.
კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა
საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია სტაბილურობა და მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება. ჩვენ ვაღიარებთ სხვა ქვეყნების სამართლიან ინტერესებს და მიზნად ვისახავთ მათთან ისეთი სახის თანამშრომლობის გაგრძელებას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ერთმანეთისადმი პატივისცემას.
საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობა
საქართველო აცნობიერებს, რომ მისი, როგორც თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული ქვეყნის მომავალი დიდად არის დამოკიდებული საერთაშორისო წესრიგზე, სადაც არ არის ძალადობა, აგრესია და ტერორიზმი. საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგრობის წევრი აღიარებს საკუთარ ვალდებულებას წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში.
III - ეროვნული სამხედრო სტრატეგიის მნიშვნელობა
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია ადგენს ძირითად მიმართულებებს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისათვის, ასევე სხვა სამინისტროებისთვის თავდაცვის სამინისტროსთვის მხარდაჭერის პროცესში.
ეროვნული სამხედრო სტარტეგია აყალიბებს მიზნებს, ამოცანებს მოთხოვნებს და შესაძლებლობებს, რომლებიც გამომდინარეობენ უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ანალიზიდან. იგი ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული ინტერესების განხორციელებას და თანამედროვე ფინანსურად უზრუნველყოფადი თავდაცვითი შესაძლებლობების ჩამოყალიბებას. იგი განსაზღვრავს თუ როდის და რა პოლიტიკური მიზნით შეიძლება იქნას გამოყენებული სამხედრო ძალა. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და თავდაცვის პოლიტიკა ერთიან და ფართო კონტექსტში განსაზღვრავენ შეიარაღებული ძალების გამოყენებას დემოკრატიულ - სამოქალაქო კონტროლის ქვეშ და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა მაკოორდინირებელ რგოლებთან ერთად. ეს დოკუმენტი აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების საქმიანობის სფეროებს და უზრუნველყოფს ოპერაციების დაგეგმვის ძირითადი მიმართულებებს მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში. ეროვნული სამხედრო სტრატეგია საბაზისო დოკუმენტია შეიარაღებული ძალების მომავალი განვითარებისათვის და მოიცავს მის სტრუქტურას და შესაძლებლობებს 2010 წლამდე. დოკუმენტი იძლევა საფუძვლებს კოალიციურ სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისთვის და NATO-სთან თავსებადობის მისაღწევად. ეროვნული სამხედრო სტრატეგია:
1. გამომდინარეობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციიდან
2. აყალიბებს სამხედრო მიზნებს, ამოცანებს და მოთხოვნილებებს
3. განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების მოქმედებას და ოპერატიული დაგეგმვის მიმართულებებს
4. განსაზღვრავს შ.ძ. სტრუქტურასა და მოთხოვნილებებს 2010 წლამდე
IV - სტრატეგიული გარემოს ძირითადი ასპექტები
საქართველოს სტრატეგიული გარემოსთვის დამახასიათებელია სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური ლანდშაფტი, პოტენციურ მოწინააღმდეგეთა მრავალფეროვნება და საქართველოს შეზღუდულ სამხედრო შესაძლებლობები. არსებული პოტენციური საფრთხეებისა და გამოწვევების ანალიზი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს შეიარაღებული ძალებისათვის დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი დეტალურად აანალიზებს ამ საფრთხეებს მათი ალბათობისა და შედეგების გათვალისწინებით. შეიარაღებული ძალების მიზანი, სტრუქტურა და მოთხოვნები გამომდინარეობს ამ საფრთხეების შეფასებიდან.
საფრთხეები
კავკასიის ზოგადად და განსაკუთრებით, ჩრდ. კავკასის რეგიონი არის მეტად საშიში და არასტაბილური. არსებობს გაყინული კონფლიქტები და ახალი კრიზისული კერების წარმოშობის საშიშროება. მაშინ, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის განხორციელების ალბათობა დაბალია, არსებობს სხვა რეალური გამოწვევები, რომლებიც ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
საქართველოსათვის ერთ-ერთ უდიდესი საფრთხეს წარმოადგენს მის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული ძალები. ის გარემოება, რომ საქართველო დროებით ვერ აკონტროლებს და ვერ ახორციელებს თავის იურისდიქციას სეპარატისტულ ტერიტორიებზე, უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზეც.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები და სამშვიდობო კონტინგენტი ხშირად წარმოადგენდნენ დესტაბილიზაციის ფაქტორს და კვლავინდებურად რჩებიან საფრთხის წყაროდ. მათ სრულ გაყვანამდე საჭირო იქნება ამ საკითხისადმი მუდმივი ყურადღების გამოჩენა. რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის იარსებებენ ძალები, რომლებიც აქტიურ დახმარებას აღმოუჩენენ სეპარატისტულ რეჟიმებს და ამისათვის რუსული სამხედრო ბაზების გამოყენებასაც შეეცდებიან.
მნიშვნელოვან საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში საქართველოს ჩართვა უსაფრთხოების თვალსაზრისით საგრძნობ პრობლემებს წარმოშობს. გაცილებით გაიზრდება საფრთხეები სამრეწველო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ, რაც დივერსიული და ტერორისტული აქტების ჩატარებით გამოიხატება. ამ ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა, რომელთაგან ზოგიერთი მდებარეობს კონფლიქტების კერებთან ახლოს და მაშასადამე, ადვილად დაზიანებადია, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს.
გარდა ამისა, საქართველო ხასიათდება ისეთ საშიშ და არამდგრად რეგიონთან სიახლოვით როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი, სადაც უცხო არაა სახელმწიფოს მიერ ტერორისტული დაჯგუფებების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება და აქტიურად მიმდინარეობს მასობრივი განადგურების იარაღზე და სარაკეტო სისტემების განვითარებაზე მუშაობა. ანტიტერორისტულ და საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა ჩვენს ქვეყანას ტერორისტების სამიზნედ აქცევს, ამიტომ თვალყური უნდა ედევნოს ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიზაციის პროცესს და მის გავლენას საქართველოზე.
შეზღუდული შესაძლებლობები
უსაფრთხოების სფეროში არსებული მოთხოვნილებები მრავალ ამოცანას უსვამს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და მოითხოვს შესაბამის რესურსობრივ უზრუნველყოფას. შეიარაღებული ძალების ეფექტურობას სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: გაწვრთნილობა, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ეფექტური მართვის სისტემა. სამივე სფეროში მაღალი დონის მიღწევა შეუძლებელი იქნება სათანადო ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის გარეშე. დღეისათვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამივე კომპონენტში საგრძნობი ნაკლოვანებები შეიმჩნევა, რაც ნიშნავს, რომ სშძ ვერ შეძლებს არსებული და პოტენციური საფრთხეების სრულ ნეიტრალიზაციას.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი - საქართველო გარშემორტყმულია შედარებით ძლიერი და მეტი შესაძლებლობების მქონე მეზობლებით. გარდა ამისა, მას მრავალი სახის პოტენციური მოწინააღმდეგე გააჩნია, რომლებსაც არასტანდარტული ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შეუძლებელი იქნება ყველა არსებულ და პოტენციურ საფრთხეზე სათანადოდ რეაგირება. სანამ ჩვენი ქვეყანა NATO-ს წევრი გახდება და საკუთარი უსაფრთხოების გაცილებით უკეთეს გარანტიებს მიიღებს, საჭირო იქნება უპირველეს ყოვლისა საკუთარ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობა, რომელთაც ექნებათ სხვადასხვა სახის ოპერაციების ჩატარების უნარი.
V - ეროვნული სამხედრო მიზნები
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია თავდაცვით ხასიათს ატარებს. საქართველოს ეროვნული სამხედრო მიზნები გამომდინარეობენ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებისაგან. ეროვნული სამხედრო მიზნები განსაზღვრავენ შეიარაღებული ძალების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ისინი ქმნიან სამხედრო ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების საფუძველს. ეროვნული სამხედრო მიზნები
1. თავდაცვა
2. შეკავება და პრევენცია
3. მზადყოფნა
4. საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობა
თავდაცვა
ძირითად სამხედრო მიზანს წარმოადგენს
საქართველოს სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
საქართველოს სუვერენიტეტი სრულად უნდა იყოს დაცული (ხმელეთზე, საჰაერო სივრცეში და ზღვაზე). ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა შენარჩუნდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების შიგნით. ქვეყნის დაცვა ხორციელდება მოწინააღმდეგის რაოდენობისა და სიძლიერის მიუხედავად სამხედრო და სხვა ოპერაციების მეშვეობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სხვადასხვა სახის მისიების შესრულებით საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ პრიორიტეტული მიზნის უზრუნველსაყოფად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება NATO-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ახლო თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობიდან მიღებული დახმარების საშუალებით, ქვეყანა შეძლებს გაუწიოს წინააღმდეგობა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია საფრთხის წყაროების დროული აღმოჩენა, სადაზვერვო ინფორმაციის სწორი ანალიზი და უწყებრივი კოორდინაციის მაღალი დონე. საქართველომ უნდა მოიპოვოს უპირატესობა მოწინააღმდეგეზე კონფლიქტის განმავლობაში, რათა მისი დასრულება სასურველ ვადებში და სასურველი შედეგებით მოახდინოს.
საქართველო მიმართვს მაქსიმალური წინააღმდეგობის პრინციპს აგრესიის პირობებში. საფრთხის შემთხვევაში ქვეყნის მთელი რესურსები მობილიზებულ იქნება თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოს ტერიტორიის სიმცირის, შეზღუდული ოპერატიული სივრცისა და გაფანტულად მდებარე სტრატეგიული ადგილების (ქალაქები, ინდუსტრიული ცენტრები, სადგურები, საკომუნიკაციო ხაზები) გამო უკანდახევის შესაძლებლობა არ არსებობს. შეზღუდული რესურსების გამო შეიარაღებულ ძალებს გაუჭირდებათ დაკარგული და მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ტერიტორიის დაბრუნება.
როგორც შეიარაღებული ძალები, ასევე სახელმწიფოს სხვა უწყებები და ზოგადად მოსახლეობა მოწინააღმდეგის სამხედრო უპირატესობის შემთხვევაში მჭიდრო კოორდინაციის ფონზე მოქმედებენ არაპროგნოზირებადი სივრცის შესაქმნელად. ეს პრინციპი არ გულისხმობს საბრძოლო მოქმედებებში მოსახლეობის აქტიურ ჩართვას, რაც მხოლოდ შეიარაღებული ძალების ამოცანაა. სამოქალაქო პირებს ევალებათ კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულებების არსრულება და შეიარაღებული ძალების მხოლოდ მატერიალური, ინფორმაციული და ადამიანური რესურსებით მომარაგება. შეიარაღებული ძალების, სხვა უწყებებისა და მოსახლეობის ურთიერთქმედების საფუძველზე შესაძლებელი ხდება მოწინააღმდეგისათვის არასტაბილური, არაპროგნოზირებადი ვითარების შექმნა და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. მჭიდრო კავშირი შეიარაღებულ ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და ხალხს შორის ქმნის მოწინააღმდეგისათვის აუტანელ პირობებს, სადაც ის ვერ მოახერხებს თავისუფლად მოქმედებას. არაპროგნოზირებადი სივრცის შექმნა ემყარება პატრიოტიზმისა და საქართველოს მოსახლეობის მაღალ საბრძოლო სულისკვეთებას. გადამწყვეტი ფაქტორია საჭიროების შემთხვევაში წინააღმდეგობის მართვის ჰორიზონტალურობა (ავტონომიურობა - დეცენტრალიზაცია) ტაქტიკურ დონეზე, რაც ცალკეული ქვედანაყოფების მხრიდან ტაქტიკური უპირატესობის მოპოვების მიზნით ერთიან, წინასწარ განსაზღვრულ გეგმაში, მაგრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედებას გულისხმობს საბოლოო მიზნის მიღწევამდე.
საბრძოლო ოპერაციების წარმოებისას და სამომავლო წარმატების უზრუნველსაყოფად უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება. შეიარაღებული ძალები მოერიდებიან სამხედრო თვალსაზრისით ძლიერ მოწინააღმდეგესთან სრულმასშტაბიან, გადამწყვეტ საბრძოლო მოქმედებებს სრული განადგურების საშიშროების გამო. საჭიროების შემთხვევაში, სშძ მიმართავენ ასიმეტრიულ ბრძოლას, პარტიზანულ მოქმედებებსა და მობილური ქვედანაყოფების ტაქტიკას, რათა შეინარჩუნონ ბრძოლისუნარიანობა და მიაყენონ საგრძნობი ზიანი მოწინააღმდეგეს. სშძ-ის მცირერიცხოვნობის გათვალისწინებით, კარგად გაწვრთნილი ძალები იქცევა მტრის შეკავებისა და ბრძოლისუნარიანობის მთავარ კომპონენტად. ქართველ ჯარისკაცს და მის ქვედანაყოფს უნდა ჰქონდეს გადარჩენის უპირატესობა მოწინააღმდეგესთან შედარებით. ნებისმიერ პირობებში მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა, რაც მას უპირატესობას მისცემს მოწინააღმდეგესთან გადარჩენის თვალსაზრისით.
შეკავება და პრევენცია
ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება მოწინააღმდეგის მაქსიმალურად შეკავებას, ქვეყანაზე თავდასხმის ასაცილებლად. არასტაბილურ გარემოში, სადაც პოტენციური მოწინააღმდეგის აღმოჩენა რთულია და რეაგირებისათვის მცირე დროა, მტრის შეკავება ხდება თავდაცვის ძირითადი მიზანი. მოწინააღმდეგის შეკავება არის არა მხოლოდ სამხედრო საქმე, არამედ შეიცავს პოლიტიკურ და დიპლომატიურ ასპექტებსაც. მტრის შეკავების სამხედრო ელემენტი მიიღწევა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებისა და მზადყოფნის მაღალი დონით, ასევე მოსახლეობის მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით. პოტენციურმა მოწინააღმდეგემ უნდა გაითავისოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებისას მას ისეთ წინააღმდეგობასთან მოუწევს დაპირისპირება, რაც დიდ დანაკარგებთან და დაგეგმილ ვადებში მიზნის მიღწევის შეუძლებლობასთან იქნება დაკავშირებული.
მოწინააღმდეგის შეკავება პირდაპირ კავშირშია მაღალი ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებასთან, რათა შეიარაღებული ძალები იძულებულნი არ გახდნენ წავიდნენ სტრატეგიულ უკანდახევაზე. ამასთანავე, მტრის შეკავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია სიცოცხლისუნარიანობის გარანტირება. ჩვენმა ძალებმა საბრძოლო ტერიტორიაზე უნდა მოიპოვონ ტაქტიკური და ბუნებრივი პირობების გამოყენების სრული უპირატესობა, რათა უზრუნველყონ გადარჩენუნარიანობის მაღალი დონე, არ მისცენ მოწინააღმდეგეს წარმატების საშუალება და დაანახონ, რომ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების წარმოება დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ამით იქნება შესაძლებელი მოწინააღმდეგის შეკავება და ჩვენი შეიარაღებული ძალების მცირერიცხოვნობის კომპენსირება.
საქართველომ შესაძლოა ვერ შეძლოს მოწინააღმდეგის დამოუკიდებლად შეკავებაან საფრთხის პრევენცია, შესაბამისად უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა NATO-სა და პარტნიორ ქვეყნებთან. მონაწილეობა ერთობლივ თავდაცვასა და ალიანსებში მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მოწინააღმდეგის შეკავებისა და პრევენციის შესაძლებლობას ხანგრძლივ პერსპექტივაში. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, როგორც ეროვნული სამხედრო მიზნის, მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.
მზადყოფნა
ეს პრინციპი გულისხმობს, პირველ რიგში, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მაღალ მზადყოფნას ნებისმიერი სახის საბრძოლო თუ სხვა ოპერაციების ჩასატარებლად. დრო, რომელიც საჭიროა მოწინააღმდეგის მოქმედებაზე რეაგირებისათვის ძალზედ მცირეა, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს შიგნით არსებული საფრთხეების გათვალისწინებით. კარგად გაწვრთნილი ქვედანაყოფების მიერ სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური რეაგირება იქნება სშძ-ს წარმატების უმთავრესი ფაქტორი. მაღალი მზადყოფნის უზრუნველყოფა შეუძლებელია წინასწარ შემუშავებული და გათავისებული დეტალური სამოქმედო გეგმებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტურად ორგანიზებული კოორდინაციის გარეშე. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ სტანდარტიზირებული მზადყოფნის სისტემა და იყვნენ საკმაოდ მოქნილნი მზადყოფნის ერთი დონიდან მეორეში გადასასვლელად სიტუაციის შესაბამისად.
საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობა
სამხედრო სფეროს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეროვნული პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. სშძ-სათვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნონ ახლო ურთიერთობები NATO-სა და იმ პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალებთან, რომლებიც სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი მოწინააღმდეგის გამოჩენის შემთხვევაში მას დახმარებასა და მხარდაჭერას აღმოუჩენენ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ მოახერხებს საფრთხის წყაროს დამოუკიდებლად გაუვნებელყოფას, ის უნდა დაეყრდნოს პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობას. სშძ-ს ქვედანაყოფების მონაწილეობა ქვეყნის გარეთ სამშვიდობო და სტაბილიზაციის ოპერაციებში, გამოყენებულ უნდა იქნას ამ გრძელვადიანი სამხედრო ურთიერთობების განვითარებისათვის. საზღვარგარეთ ჩატარებული ოპერაციებიდან მიღებული გამოცდილება აამაღლებს სშძ-ს ბრძოლისუნარიანობას, მის პროფესიულ რ